თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მეტროსადგურ „ავლაბრის“ ვესტიბულში მომხდარი ინციდენტი მკაცრად გააკრიტიკა. გასულ კვირას სადგურში წყლის ჩასვლის ფაქტთან დაკავშირებით, მერმა აუდიტის სამსახურს საქმის დეტალური შესწავლა დაავალა.
„ფაქტობრივად, ისე წვიმდა მეტროსადგურ ავლაბარში, როგორც გარეთ“, — განაცხადა კალაძემ. მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი ხარვეზები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სადგურის რეაბილიტაცია სულ ახლახან, 2024 წლის ნოემბერში დასრულდა.
ვინ აგებს პასუხს ხარვეზებზე?
დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ მოკვლევამ უნდა დაადგინოს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი დაზიანებაზე — კომპანია, ზედამხედველი თუ სამუშაოების მიმღები მხარე. „ეს ყველას გვაზიანებს და კონკრეტული ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება“, — აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მერიის სატრანსპორტო სამსახურმა განმარტა, რომ ძლიერი წვიმის გამო წყალარინების სისტემა დაზიანდა. თუმცა, საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა რეაბილიტაციის ხარისხთან დაკავშირებით.
კონტრაქტორი კომპანიის ისტორია
მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ბადა გრუპმა“ („ბადა ქონსთრაქშენ“) შეასრულა. აღნიშნული ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც 4,2 მილიონი ლარია, 2022 წლის ივლისში ტენდერის გარეშე გაფორმდა. მოგვიანებით, ხელშეკრულების ვადა 2024 წლის მარტამდე გახანგრძლივდა.
აღსანიშნავია, რომ იმავე კომპანიამ განახორციელა მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციაც. ამ შემთხვევაშიც, 13,4 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი ტენდერის გარეშე დაიდო, რაც დამატებით კითხვებს აჩენს შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.