აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი და ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, ჰიქმეთ ჰაჯიევი, სომხეთს ეწვია. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჰაჯიევმა ოფიციალური ვიზიტით მეზობელ ქვეყანაში იმგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში ჰაჯიევი სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, არმენ გრიგორიანს შეხვდა. შეხვედრა სომხეთის ტავუშის პროვინციის კურორტ დილიჯანში გაიმართა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მხარეებმა ქალაქში ერთად გაისეირნეს, რაც ვიდეოზეც აღიბეჭდა.

ორივე მხარის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, საუბარი შეეხო სამშვიდობო დღის წესრიგს და ორ ქვეყანას შორის სამოქალაქო საზოგადოებების დონეზე ნდობის აღდგენის ღონისძიებებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს მდგრადი დიალოგის მნიშვნელობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ეს არის მეორე შემთხვევა 2025 წლის აგვისტოში ვაშინგტონში სამშვიდობო შეთანხმების პარაფირების შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანის მაღალი რანგის ოფიციალური პირი სომხეთს სტუმრობს. შეთანხმების საბოლოო ხელმოწერა ამ დრომდე შეფერხებულია, რადგან ბაქო სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ითხოვს. ოფიციალური ბაქო აცხადებს, რომ სომხეთის ძირითადი კანონი აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებს შეიცავს.

სომხეთში პოლიტიკური ვითარება კვლავ დაძაბულია. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა მათ ვერ მოიპოვეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც კონსტიტუციის ცვლილების პროცესს გაურკვეველს ხდის.

მიუხედავად სირთულეებისა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობები გრძელდება. გასულ თვეებში მხარეებმა არაერთი ურთიერთვიზიტი განახორციელეს, მათ შორის საზღვრის დელიმიტაციის კომისიების ხელმძღვანელების დონეზე. წინა შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანის ქალაქ გაბალასა და სომხეთის დასახლება აღვერანში.

2025 წლის სექტემბერში სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ანდრანიკ სიმონიანი ბაქოს ეწვია საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მაშინ დაიწყო მოლაპარაკებები დაკავებულ პირთა გაცვლის შესახებ, რაც 2026 წლის იანვარში განხორციელდა კიდეც.


ამ დროისთვის აზერბაიჯანის ციხეებში 19 სომეხი პირი რჩება, მათ შორის მთიანი ყარაბაღის ყოფილი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელები. მხარეებმა უკვე დაადასტურეს, რომ მომდევნო შეხვედრა აზერბაიჯანში გაიმართება.