სომხეთის მთავრობის გეგმები კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებით გაურკვევლობის წინაშე აღმოჩნდა. საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად განიხილება, 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეწვდა. კანონმდებლობის მიხედვით, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ან ახალი კონსტიტუციის მიღების საკითხის რეფერენდუმზე გატანას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის თანხმობა სჭირდება.

წინასწარი მონაცემებით, „სამოქალაქო შეთანხმება“ პარლამენტში 64 მანდატს მიიღებს, „ძლიერი სომხეთი“ — 29-ს, ხოლო „სომხეთის ალიანსი“ — 12-ს. ცენტრალური საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგებს 14 ივნისს გამოაქვეყნებს, თუმცა არსებული გადანაწილება მმართველ გუნდს დამოუკიდებლად რეფერენდუმის დანიშვნის უფლებას არ აძლევს.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მთავრობა არსებულ ვითარებას შეისწავლის და დასკვნებს გააკეთებს. პრემიერს არ დაუზუსტებია, რჩება თუ არა რეფორმა დღის წესრიგში და არსებობს თუ არა რეფერენდუმის გამართვის ალტერნატიული გზები.

ოფიციალური ერევანი აცხადებს, რომ კონსტიტუციის ცვლილება შიდა საჭიროებებითაა ნაკარნახევი და არა აზერბაიჯანის მოთხოვნით. მიუხედავად ამისა, ილჰამ ალიევის ადმინისტრაცია არაერთხელ მიუთითებდა, რომ სომხეთის კონსტიტუცია აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით პრეტენზიებს შეიცავს. ეს საკითხი ვაშინგტონში 2025 წლის აგვისტოში პარაფირებული სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად რჩება.


სომხეთის კონსტიტუცია იშველიებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რომელიც, თავის მხრივ, საბჭოთა სომხეთის უზენაესი საბჭოსა და მთიანი ყარაბაღის ეროვნული საბჭოს მიერ „გაერთიანების“ შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეფუძნება. იუსტიციის მინისტრმა სრბუჰი გალიანმა რეფერენდუმის პროცედურულ საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ხალხს რეფერენდუმის ჩატარების პირდაპირი უფლება გააჩნია, თუმცა იურისტები განმარტავენ, რომ პარლამენტის გვერდის ავლით ეს პროცესი არალეგალური იქნება.