ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარედ, ათასობით ოჯახი კვლავ კანალიზაციის ცენტრალური სისტემის გარეშე ცხოვრობს. პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა პენსიონერებისთვის, რომელთათვისაც ე.წ. შამბოების სისტემა როგორც ფინანსურ, ისე ჯანმრთელობის რისკებს ქმნის.
73 წლის ნაზი თაფაქიძე, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძვის, „ბათუმელებთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მისი ეზო კანალიზაციის წყლით არის დატბორილი. „წამალს ვერ ვყიდულობ, პენსიონერი ვარ, სიმსივნით დაავადებული. გასულ წელს 130 ლარი დამიჯდა ამოტუმბვა, ახლა უფრო ძვირი დამიჯდება“, — ამბობს ის.
ამ დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები იძულებულნი არიან, პერიოდულად გამოიძახონ მერიის შესაბამისი სამსახური კანალიზაციის ამოტუმბვისთვის. ეს სერვისი ფასიანია და მისი ღირებულება 150-დან 200 ლარამდე მერყეობს. ნაზი თაფაქიძის თქმით, მცირე პენსია ძლივს ჰყოფნის მედიკამენტებსა და სესხის პროცენტს, რის გამოც დამატებითი ხარჯები მისთვის აუტანელია.
„მთავრობა რას გააკეთებს? არსად არაა ჩვენს ტერიტორიაზე კანალიზაცია. დაპირება კი იყო, მაგრამ დაპირებას ვინ შეასრულებს? არასდროს არ სრულდება“, — აცხადებს პენსიონერი. გარდა ფინანსური ტვირთისა, ის ანტისანიტარიის გამო მწერების გამრავლების საფრთხესაც უსვამს ხაზს.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის სხვადასხვა უბანში კანალიზაციის სისტემა საერთაშორისო დონორების, მათ შორის გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო. თუმცა, „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღების შემდეგ, მსგავსი პროექტების დაფინანსება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რამაც ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება კიდევ უფრო გაართულა.
ამ დროისთვის აეროპორტის გზატკეცილის დასახლებაში მცხოვრებთა ნაწილმა დიდი მოცულობის შამბოები მოაწყო, რაც მათ საშუალებას აძლევს სერვისი წელიწადში ერთხელ გამოიძახონ. მიუხედავად ამისა, სისტემური გადაწყვეტის გარეშე, მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ კრიტიკულ პირობებში რჩება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.