2023 წლის ივლისში ბათუმში, საკრუიზო ლაინერ „ასტორია გრანდეს“ შემოსვლის გასაპროტესტებლად გამართული აქციის მონაწილე გიორგი უკლება დღემდე მძიმე ფინანსური წნეხის ქვეშაა. მას სამი წლის წინ 2140-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს, რომლის გადახდასაც დღემდე ვერ ახერხებს.
„დაკავების მომენტი კარგად მახსოვს, ხელში ორი კვერცხი მეჭირა და რუსების შემოსვლას ვაპროტესტებდი. პოლიციელებმა მოულოდნელად დამიწყეს დაკავება“, – იხსენებს გიორგი. მისი თქმით, დაკავების პროცესი ძალადობრივი იყო, რასაც შემდგომში ფიზიკური დაზიანებები მოჰყვა.
გიორგი უკლებას განცხადებით, პოლიციის მანქანაში გადაყვანისას მას მუშტებს ურტყამდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. „ოთხმა პოლიციელმა ტანსაცმელი შემომახია. იზოლატორში გადაყვანამდე გზაში მცემდნენ და მეკითხებოდნენ, თუ რამდენი გადამიხადეს აქციაში მონაწილეობისთვის“, – ამბობს ის.
სასამართლო პროცესზე გიორგიმ სახაზინო ადვოკატის მომსახურება მიიღო. მოსამართლემ პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე, რომლებიც მას წინააღმდეგობის გაწევასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ, ჯარიმა მაინც დააკისრა. იმ პერიოდში გიორგი უკლება უსახლკაროდ ცხოვრობდა და ჭაჭის კოშკთან კარავში ათევდა ღამეს.
ამჟამად გიორგი უკლებას შშმ პირის სტატუსი აქვს, თუმცა მისი ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარს არ აღემატება. „მუშაობას დღეში 9 საათი ვუთმობ, შაბათ-კვირის ჩათვლით, მაგრამ თანხა, როგორც კი მერიცხება, მაშინვე მეჭრება ჯარიმის ანგარიშზე. ანგარიში დაყადაღებული მაქვს“, – ყვება ის. დღეისთვის ჯარიმის ნაშთი 1740 ლარს შეადგენს.
2023 წლის ივლისში, აღნიშნულ აქციაზე სულ 23 პირი დააკავეს, რომელთაგან თითოეულს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მიუხედავად ფინანსური და მორალური სირთულეებისა, გიორგი უკლება აცხადებს, რომ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს: „საფრთხე არ შემცირებულა, პირიქით – გაიზარდა. ბრძოლის გარეშე არაფერი გამოვა“.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.