შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სტრუქტურული ერთეული იწყებს ფუნქციონირებას. ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი სამმართველო საჯარო სივრცეში გაკეთებულ ნებისმიერ განცხადებას დაექვემდებარება მონიტორინგს. ინიციატივა, რომელიც საზოგადოებაში მწვავე კითხვებს აჩენს, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ 18 მაისს გააჟღერა.
რა იქნება სამმართველოს ფუნქცია?
ახალი უწყების მთავარი ამოცანა საჯარო კომუნიკაციის შესწავლაა. სამმართველო შეამოწმებს განცხადებებს, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს:
- სხვისი ღირსების შემლახავ შინაარსს;
- სიძულვილის ენას;
- ძალადობისკენ მოწოდებებს;
- შეურაცხმყოფელ საჯარო კომუნიკაციას.
ოფიციალური განმარტების მიხედვით, მონიტორინგი შეეხება ნებისმიერი ტიპის საჯარო სივრცეს, სადაც ინფორმაციის გავრცელება ხდება.
სასამართლო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ახალი მექანიზმის მიზანი პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრაა. თუმცა, ინიციატივა მხოლოდ მონიტორინგით არ შემოიფარგლება. საჭიროების შემთხვევაში, საჯარო განცხადებების გამო, შესაძლოა სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობაც გამოიყენოს.
პროცედურის შესახებ საუბრისას, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პირველადი შემფასებელი შსს-ს შესაბამისი სამმართველო იქნება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას „კრიტიკული შემფასებლის“ როლში სასამართლო მიიღებს.
„პირველი შემფასებელი იქნება შსს-ს შესაბამისი სამმართველო, მაგრამ საბოლოო კრიტიკული შემფასებელი იქნება სასამართლო“, - განაცხადა მდინარაძემ ინიციატივის პრეზენტაციისას.
ამ დრომდე უცნობია, რა კონკრეტული კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს სამინისტრო „სიძულვილის ენის“ განსაზღვრისას, თუმცა დღეიდან ახალი სამმართველო ოფიციალურად შეუდგა საქმეს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.