გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები შეეხო იმ ფინანსურ და კრიპტოქსელებს, რომლებიც კრემლს დასავლური სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური განცხადების თანახმად, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ ის სუბიექტები, რომლებიც რუსულ მხარეს უკანონო ფინანსურ არხებს უნარჩუნებენ. მათ შორის, სამი საქართველოში რეგისტრირებული კომპანიაა: Arvix LLC, Rapira Group LLC და Aifory LLC.

რა მიზეზით დაუწესდათ სანქციები?

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული კომპანიები კრიპტოვალუტით ვაჭრობის სფეროში ოპერირებდნენ. უწყების ცნობით, ისინი მართავდნენ რუსეთზე ორიენტირებულ ბირჟებს და აქტიურად ცდილობდნენ საერთაშორისო შეზღუდვების არიდებას.

ბრიტანეთის მთავრობა პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ორგანიზაციები მოსკოვის ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურებოდნენ და კრემლს სანქციების გვერდის ავლის სქემებში ეხმარებოდნენ.

რა შედეგები მოჰყვება სანქციებს?

სანქციების თანახმად, სამივე კომპანიას ბრიტანულ იურისდიქციაში არსებული ყველა ფინანსური აქტივი გაეყინება. გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთში მოქმედ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს სრულად ეკრძალებათ მათთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური, ბიზნეს ან ფინანსური თანამშრომლობა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის „შავ სიაში“ ქართული კომპანიების გარდა, სხვა ქვეყნების სუბიექტებიც მოხვდნენ, მათ შორის ყირგიზეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პანამიდან და სალვადორიდან.