ჩინეთი თავისი თანამედროვე ისტორიის მანძილზე ატომური ინფრასტრუქტურის უმსხვილეს გაფართოებას ახორციელებს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, რუსეთისა და მონღოლეთის საზღვრების სიახლოვეს, სინძიანის უდაბურ რაიონებში პეკინი სტრატეგიული ატომური ძალებისთვის მასშტაბურ ქსელს ქმნის.

ახალი ინფრასტრუქტურა ხამის ოლქში, არსებული სარაკეტო შახტების მიმდებარედ შენდება. ეს ტერიტორია ჩინეთის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების ერთ-ერთი მთავარი ბაზაა. სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, პროექტის მთავარი მიზანი ჩინეთისთვის „საპასუხო დარტყმის“ პოტენციალის შენარჩუნებაა, მაშინაც კი, თუ მოწინააღმდეგე პირველ დარტყმას განახორციელებს.

რა შედის ახალ ბირთვულ კომპლექსში?

Reuters-ის მონაცემებით, მშენებარე კომპლექსი აერთიანებს 80-ზე მეტ ბეტონის სასტარტო მოედანს. ინფრასტრუქტურა მოიცავს:

  • სამ მსხვილ რვაკუთხა კომპლექსს;
  • ათობით გამაგრებულ ბუნკერს;
  • მიწისქვეშა კომუნიკაციებსა და თანამგზავრული კავშირის კვანძებს;
  • სარკინიგზო გზებსა და აეროდრომებს;
  • იარაღის საწყობებს.

ექსპერტები განსაკუთრებულ ყურადღებას სამ რვაკუთხა ობიექტზე ამახვილებენ. სავარაუდოდ, ისინი მობილური სარაკეტო კომპლექსების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ბირთვული ძალების მართვის ცენტრების განთავსებისთვის გამოიყენება.

ბირთვული პოტენციალის სწრაფი ზრდა

პენტაგონის შეფასებით, ჩინეთი ამჟამად მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტემპით ზრდის საკუთარ ბირთვულ არსენალს. აშშ-ის თავდაცვის უწყების დეკემბრის ანგარიშის მიხედვით, 2030 წლისთვის ჩინეთის ბირთვული ქობინების რაოდენობამ შესაძლოა 1000-ს მიაღწიოს.

პარალელურად, პეკინი ავითარებს ადრეული გაფრთხილების სისტემას, სახელწოდებით Huoyan-1. აშშ-ის სადაზვერვო მონაცემებით, ეს სისტემა 90 წამში ახერხებს კონტინენტთაშორისი რაკეტების გაშვების იდენტიფიცირებას და სარდლობისთვის ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებას.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს Reuters-ის პუბლიკაციასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.