„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ანა დოლიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საჯაროდ გამოიყენა ფრაზა „ცეცხლი ოლიგარქიას“. ქართველიშვილი დოლიძეს „გამოცდილ აგენტს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი სლოგანების გამოყენება ოპოზიციური სპექტრის მხრიდან ორმაგი სტანდარტია.
გლობალური პოლიტიკა და ოლიგარქია
ქართველიშვილის თქმით, თანამედროვე მსოფლიოში არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, რომელსაც ის „გლობალური ომის პარტიას“ და „დიპ სტეიტს“ (Deep State) უკავშირებს, აშშ-სა და ევროპის პოლიტიკურ პროცესებს მართავს. მისი მტკიცებით, სწორედ ეს ძალები დგანან ომების, მიგრაციული კრიზისებისა და ლგბტ პროპაგანდის უკან.
„ყველა კარგად ხედავს, რომ ეს პროცესი ამჟამად ყველაზე მძაფრ ფაზაშია შესული. გლობალური ომის პარტია ყველა ფრონტზე უტევს ქვეყნების სუვერენიტეტს, ერების თვითმყოფადობას, კულტურასა და გენეტიკასაც კი“, — წერს ქართველიშვილი.
პატრიოტული მოწოდება
„ხალხის ძალის“ წევრი საკუთარ თანამებრძოლებს მოუწოდებს, თავად დაამკვიდრონ სლოგანი ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ. მისი თქმით, ეს ბრძოლა აუცილებელია იმისთვის, რომ ერები დაუბრუნდნენ საკუთარ იდეოლოგიურ საწყისებს.
„დაე ცეცხლმა წაიღოს ოლიგარქიული მმართველობა, რომელსაც მათ შორის ჩვენი ქვეყნის გადაშენება დაუსახავს მიზნად. ასე რომ - ცეცხლი დიპ სტეიტს, ცეცხლი არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას!“ — აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.
ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ანა დოლიძის მსგავსი აქტორების მხრიდან „პატრონებისათვის“ ცეცხლის წაკიდების მოწოდება შესაძლოა მათთვისვე სახიფათო აღმოჩნდეს, რადგან საზოგადოებისთვის უკვე ნათელია, თუ ვინ იგულისხმება ოლიგარქიაში. თუმცა, თავად პრინციპულად ეთანხმება ოლიგარქიული მმართველობის დემონტაჟის იდეას.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.