აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე წლის ივლისში თურქეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ადასტურებს.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას, რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად დონალდ ტრამპის მხრიდან ალიანსის მიმართ გამოთქმული პრეტენზიებისა და გარკვეული უკმაყოფილებისა, პრეზიდენტი შეხვედრას არ გამოაკლდება.

„შეერთებული შტატები კვლავ ნატო-ს წევრია და ჩვენ თურქეთში ვიქნებით, რათა ყველა ის საკითხი განვიხილოთ, რაც დღის წესრიგში დგას. პრეზიდენტი პირადად დაესწრება ნატო-ს ლიდერთა მომდევნო შეხვედრას, სადაც არსებული უთანხმოებები დაზუსტდება“, — განაცხადა მარკო რუბიომ.

ტრამპის მონაწილეობა მოახლოებულ სამიტში მნიშვნელოვანი სიგნალია ალიანსის ერთიანობისთვის. მიუხედავად ვაშინგტონსა და ნატო-ს წევრ სხვა ქვეყნებს შორის არსებული დაძაბულობისა, აშშ-ის ადმინისტრაცია დიალოგის გაგრძელებას ადასტურებს.

თურქეთში დაგეგმილი სამიტი ერთ-ერთი გადამწყვეტი პლატფორმა იქნება იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, რეფორმირებას ან გადახედვას საჭიროებს.