პოლიტიკური პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ რუსეთის ფედერაციისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ 9 მაისს გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას „ანექსიის მორიგ სახიფათო ეტაპად“ აფასებს. პარტიის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში სპეციალური რეზოლუციის პროექტის ინიცირებას გეგმავენ.

რა წერია რეზოლუციის პროექტში?

ინიციატივა ეხება დოკუმენტს, რომელიც რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავებას“ ითვალისწინებს. პარტიის წევრის, შალვა კერესელიძის განცხადებით, ეს ნაბიჯი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული აქტია.

მათი შეფასებით, ხელშეკრულება გულისხმობს ოკუპირებული რეგიონის სოციალური, ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და თავდაცვითი სფეროების რუსეთთან სრულ ინტეგრაციას. პოლიტიკური ძალა აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.

პოლიტიკური დაპირისპირება პარლამენტში

„გახარია – საქართველოსთვის“ მმართველ პარტიას დუმილში ადანაშაულებს. მათი თქმით, პარლამენტი ერთადერთი ადგილია, სადაც რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს. ოპოზიცია მთავრობას სთხოვს, შეწყვიტოს უმოქმედობა და გაააქტიუროს დიპლომატიური მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან.

ინიციატივას მალევე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი. მან გახარიას პარტიის წინადადებას „პოლიტიკური მატრაკვეცობა“ უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება ოკუპაციის დასასრულებლად ყველა დონეზე მაქსიმუმს აკეთებს.

საერთაშორისო კონტექსტი

რუსეთის დუმამ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება 13 მაისს მოახდინა. დოკუმენტს ხელს ვლადიმერ პუტინი და ალან გაგლოევი აწერენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის წარმომადგენლები საერთაშორისო ფორუმებზე სისტემატურად აფიქსირებენ პოზიციას. მაგალითად, 15 მაისს მაკა ბოჭორიშვილმა ევროსაბჭოს მინისტერიალზე დაგმო რუსეთის ქმედებები და აღნიშნა, რომ მოსკოვი კვლავ არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს.