უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ 24 მაისის ღამით განხორციელებული მასშტაბური საჰაერო თავდასხმა მკაცრად დაგმო. ოფიციალური მონაცემებით, იერიშის შედეგად სულ მცირე 83 ადამიანი დაშავდა.

ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქმედებები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კრემლის ლიდერი ვეღარ ახერხებს ადეკვატურ კომუნიკაციას, თუმცა მისი რეჟიმი აგრძელებს უკრაინული ქალაქების განადგურებას.

„პუტინს სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია – ის ბუტბუტებს, მაგრამ მაინც ანადგურებს საცხოვრებელ სახლებს,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის საჰაერო ძალების ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, რუსულმა მხარემ თავდასხმისთვის უპრეცედენტო რაოდენობის შეიარაღება გამოიყენა. კერძოდ, საუბარია 90-მდე სხვადასხვა ტიპის რაკეტაზე, მათ შორის „ორეშნიკის“ სისტემაზე.

სამხედრო დანიშნულების რაკეტების გარდა, რუსულმა ძალებმა გამოიყენეს 600-მდე დრონი. თავდასხმის მთავარ სამიზნეს საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა, რამაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლისა და დაშავებულების მაღალი მაჩვენებელი გამოიწვია.

ამჟამად ადგილზე სამაშველო ოპერაციები გრძელდება. დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მსგავსი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობას.