რუსულმა ენერგოკომპანია „გაზპრომმა“ 2025 წლის ექსპორტის ანგარიში გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოში რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვები ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. გასულ წელს რუსეთიდან იმპორტირებული გაზის საერთო ღირებულებამ 206,4 მილიონი დოლარი შეადგინა.
შედარებისთვის, 2024 წელს საქართველომ რუსული გაზის შესაძენად 181 მილიონი დოლარი დახარჯა. შესაბამისად, წლიურ ჭრილში ზრდამ 14% შეადგინა. კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს მაჩვენებელი ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და მიწოდების გაზრდისკენ მიმართული მუშაობის შედეგია.
„გრძელდება მუშაობა ქართულ მხარესთან თანამშრომლობის განვითარებისა და ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდის მიმართულებით. შედეგად, 2025 წელს გაზის მიწოდება 2024 წელთან შედარებით გაიზარდა“, – აღნიშნულია „გაზპრომის“ ანგარიშში.
გარდა კომერციული მიწოდებისა, „გაზპრომი“ საქართველოში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც გეგმავს. კომპანიის ცნობით, მიმდინარე და მომდევნო წელს ისინი საქართველოს გაზგამანაწილებელი ქსელის იმ მონაკვეთების შეკეთებას განახორციელებენ, რომლებიც სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით გაზის ტრანზიტისთვის გამოიყენება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს გაზმომარაგების ბაზარზე მთავარი მოთამაშე კვლავ აზერბაიჯანი რჩება. სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ აზერბაიჯანული გაზის შესყიდვაში თითქმის 100 მილიონი დოლარი გადაიხადა, რაც ხაზს უსვამს ქვეყნის ენერგეტიკული პორტფელის დივერსიფიკაციის მნიშვნელობას.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.