საფრანგეთში „პარი სენ-ჟერმენის“ (პსჟ) ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების აღნიშვნა მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მთელი საფრანგეთის მასშტაბით 780 ადამიანი დააკავეს.
შაბათს გვიან ღამით, ბუდაპეშტში გამართული ფინალის შემდეგ, ათასობით გულშემატკივარი პარიზის ქუჩებში გამოვიდა. თუმცა, ზეიმი მალევე ძალადობრივ დაპირისპირებებში გადაიზარდა. გასული წლის მოვლენების გათვალისწინებით, საფრანგეთის მასშტაბით უსაფრთხოებას 22 000 პოლიციელი იცავდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნესმა დაადასტურა, რომ დაშავდა უსაფრთხოების 57 თანამშრომელი. მინისტრის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით სულ 219 ადამიანი დაშავდა, მათ შორის რვა მძიმედ. სამართალდამცავებმა აღნიშნეს, რომ გულშემატკივრები პოლიციის მიმართულებით ფეიერვერკებს აქტიურად იყენებდნენ.
სამწუხაროდ, ზეიმი ტრაგედიით დასრულდა. პარიზის პროკურატურამ დაადასტურა 20 წლის ახალგაზრდას გარდაცვალება, რომელიც მოტოციკლით პარიზის წრიული გზის გასასვლელ პანდუსზე ბეტონის ბლოკებს შეეჯახა. ამასთან, ქალაქში დაფიქსირდა ძარცვის შემთხვევებიც, რის შედეგადაც ერთი პირი მძიმედ დაიჭრა.
ოფიციალური მონაცემებით, ძალადობრივი ინციდენტები 71 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. წლევანდელი დაკავებების მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 32 პროცენტით მეტია. პარიზის მერიის განცხადებით, შანზ-ელიზეს გამზირი და მისი შემოგარენი ზეიმის ნაცვლად „პარტიზანული ომის არენად“ იქცა.
მიუხედავად არეულობისა, კვირას ეიფელის კოშკის წინ, შანზ-დე-მარზე, აღლუმი იგეგმება. პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ფეხბურთელებს ელისეს სასახლეში მიიღებს. შინაგან საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ სამართალდამცავები წესრიგის დასაცავად მკაცრ ზომებს მიმართავენ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.