კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის შედეგები შეაფასა. დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებსა და მათი საკუთრების დაცვას ეხება, 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
გეგელიას განცხადებით, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ მიერ პრიორიტეტულად შერაცხულმა პარტნიორებმა, მათ შორის ჩინეთმა, ირანმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს. პოლიტიკოსის შეფასებით, ეს მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკის „კატასტროფული კრახია“.
„ქართული ოცნების“ არცერთმა პარტნიორმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, თუმცა მხარი დაუჭირა საქართველოს ყველა იმ მეგობარმა, რომელსაც რეჟიმი გამუდმებით აკრიტიკებს და ესხმის თავს, - აცხადებს გეგელია.
ოპოზიციონერი ლიდერი ხაზს უსვამს, რომ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, უკრაინამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა. მისი თქმით, სწორედ ეს ქვეყნები არიან „ქართული ოცნების“ რიტორიკის მუდმივი სამიზნე.
გეგელიამ გააკრიტიკა მთავრობის ნაბიჯები, მათ შორის ჩინეთთან გაფორმებული მემორანდუმი და ტურიზმის ორგანიზაციაში პოსტის დათმობა არაბთა გაერთიანებული საამიროების სასარგებლოდ, რასაც, მისი თქმით, საქართველოსთვის არანაირი ხელშესახები სარგებელი არ მოჰყოლია.
პოლიტიკოსმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ასეთი მასშტაბის დიპლომატიური მარცხის შემდეგ, თავმოყვარე პოლიტიკოსი პოსტს დატოვებდა. გეგელიას თქმით, მიმდინარე პროცესები „ქოცური მოღალატეობრივი პოლიტიკის“ საუკეთესო ლუსტრაციაა.
შეგახსენებთ, რომ გაერო-ს რეზოლუციას „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ“ 107-მა ქვეყანამ მისცა ხმა, წინააღმდეგი კი მხოლოდ 8 წევრი სახელმწიფო იყო.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.