ბუქარესტში, რუმინეთის საპატრიარქოს სასახლეში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებას რუმინეთის პოლიტიკური, კულტურული წრეების, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სულიერ და კულტურულ კავშირებს. რუმინეთის პატრიარქის, უწმინდესი დანიელის სახელით, ეპისკოპოსმა ვარლამმა საქართველოს ელჩს, თამარ ბერუჩაშვილს, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი ჯილდო — „წმინდა მარიამ ბრანკოვიანუს ჯვრის“ ორდენი გადასცა.

ჯილდო ელჩს ორ ქვეყანას შორის ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. ეპისკოპოსმა ვარლამმა ხაზი გაუსვა თამარ ბერუჩაშვილის როლს ქართულ-რუმინული საეკლესიო კავშირების გაძლიერებაში.

ისტორიული ხიდი ორ ერს შორის

რუმინეთისა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობის კონტექსტში, მხარეებმა ანთიმოზ ივერიელის ფიგურა გაიხსენეს. ის ორი ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ დამაკავშირებელ რგოლად მიიჩნევა.

დაჯილდოების ცერემონიაზე აღინიშნა, რომ ბერუჩაშვილის დიპლომატიურმა საქმიანობამ მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, განსაკუთრებით განათლებისა და სულიერი ცხოვრების სფეროებში.

„ეს მაღალი ჯილდო არა მხოლოდ პირადი აღიარებაა, არამედ უპირველეს ყოვლისა, იმ მდგრადი სულიერი და კულტურული კავშირების დასტურია, რომლებიც ქართველ და რუმინელ ხალხებს აერთიანებს“, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

ელჩმა ასევე ისაუბრა წმინდა მარია ბრანკოვიანუს ღვაწლზე, რომელიც რუმინეთის ეკლესიამ გასულ წელს წმინდანად შერაცხა. მისი თქმით, წმინდანის რწმენა და გამბედაობა ქრისტიანული ღირებულებების ერთგულების მაგალითია.