გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, საქართველომ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პირველი ეროვნული გეგმის (NAP) შემუშავების პროცესი ოფიციალურად დაიწყო. პროექტის პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ გახსნეს.

მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ გლობალური კლიმატური ცვლილებები ქვეყნის განვითარების პოლიტიკის გადახედვას მოითხოვს. მისი თქმით, საქართველო, როგორც ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული სახელმწიფო, პრიორიტეტს ანიჭებს ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვასა და ეკოსისტემების დაცვას.

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერება, რაც საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებს აერთიანებს“, - აღნიშნა მინისტრმა.

ახალი გეგმა, რომელიც ქვეყნისთვის პირველი სისტემური დოკუმენტი იქნება, კლიმატური რისკების შეფასებასა და სექტორული პოლიტიკის ადაპტირებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში მომზადდება 10-წლიანი სტრატეგიული ხედვა და 5-წლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა.

ინიციატივას „შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოს ეროვნული ადაპტაციის გეგმის პროცესის მხარდასაჭერად“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებენ. პროცესს ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ გაეროს გარემოს დაცვის პროგრამა (UNEP) და კლიმატის მწვანე ფონდი (GCF).

პროექტი ასევე ითვალისწინებს ადაპტაციის დაფინანსების სტრატეგიის შემუშავებასა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას. ეს მექანიზმები ქვეყანას დაეხმარება კლიმატური გამოწვევებისადმი მდგრადობის გაზრდაში.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნა დედაენის ბაღში შემეცნებითი ღონისძიებებით გაგრძელდა. დღე „განათლება მწვანე მომავლისთვის“ კონკურსის გამარჯვებული პედაგოგების დაჯილდოებით დასრულდა.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1972 წლიდან აღინიშნება. წელს გზავნილია: „ბუნებით შთაგონებული. კლიმატისთვის. ჩვენი მომავლისთვის“.