ბათუმში, ე.წ. ბონის დასახლებაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. 31 მაისს, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად, როლანდ დავითაძე ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის თვითმხილველები იხსენებენ, რომ მსხვერპლი ოჯახის წევრებს ელოდებოდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუხსნეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე 8 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

მომხდარმა ფაქტმა ადგილობრივები შეძრა. თვითმხილველების თქმით, სროლის ხმამ და შემთხვევის ადგილზე მყოფმა ადამიანებმა, მათ შორის სკოლის მოსწავლეებმა, დიდი შიში გამოიწვია.

მოკლულის ახლობლები „აჭარა თაიმსთან“ საუბარში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება უკვე მოახდინეს. მათი ინფორმაციით, ბრალდებული პირი გარდაცვლილის მეზობელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებს იკვლევს.

პოლიცია სავარაუდო დამნაშავეს უკვე 6 დღეა ეძებს. ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივი კვლავ უცნობია, საგამოძიებო უწყება დეტალებს არ ახმაურებს.