პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს. ვოლსკის განცხადებით, საქართველო პროევროპულობის თვალსაზრისით ბევრ ევროპულ სახელმწიფოს უსწრებს და ქვეყნის მიმართ გაჟღერებული შეფასებები კონკრეტული პოლიტიკური სცენარის ნაწილია.
„იმავენაირად არ აქვს უფლება ევროკავშირის ნებისმიერ სტრუქტურას, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაევროპული და პრორუსული უწოდოს“, - განაცხადა ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკა გამწვავდა მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებელი პოლიტიკური კურსის გატარება დაიწყო. ვოლსკი მიიჩნევს, რომ ევროპული სტრუქტურების მიზანი საქართველოში დაპირისპირების ესკალაციაა, რასაც რუსეთის შემაკავებელ ფაქტორად განიხილავენ.
„ეს იმ სცენარის ერთ-ერთი მონაკვეთია, რომელიც 2022 წლიდან შემოგვთავაზა ბრიუსელმა. ანუ, თუ არ დგები ცალ ფეხზე, ზუსტად იმას მიიღებ, რასაც ახლა ვხედავთ“, - აღნიშნა პარლამენტარმა.
გია ვოლსკიმ საუბრისას ე.წ. „შავი ფულის“ საკითხსაც გაუსვა ხაზი. მისი მტკიცებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი სწორედ იმ მიზნით მიიღეს, რომ დაფინანსების წყაროები გამჭვირვალე გამხდარიყო. ვოლსკის თქმით, მსგავსი სტანდარტები არაერთ დასავლურ ქვეყანაში მოქმედებს.
„როცა შენ ეს ფაქტი გაქვს და ამის საპირისპირო განცხადება გაქვს მარტა კოსის, ან თუნდაც გერმანიის კანცლერის მხრიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ბუდობს სხვა გეგმა, კონსპირაცია. ეს სცენარი ითვალისწინებს იმას, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს მარიონეტული გაერთიანება“, - განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ოპოზიციის ნაწილი უცხოური დაფინანსების მეშვეობით ქვეყანაში არეულობის მოწყობას ცდილობს, რასაც ხელისუფლება კანონის ფარგლებში უპირისპირდება. მან ასევე გაიხსენა შალვა პაპუაშვილთან გამართული შეხვედრები მსხვილ დონორებთან, სადაც, მისი თქმით, გამჭვირვალობის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დადასტურდა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.