გორში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული ექვსი პოლიციელი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. დაკავებულებს ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინათ, პროცესი კი უახლოეს საათებში დაიწყება.
ადვოკატის პოზიცია
დაკავებული სამართალდამცველების ინტერესებს ნოდარ ცინცაძე იცავს. ადვოკატის თქმით, ის ვიდეოჩანაწერი, რომელიც საქმეში ფიგურირებს, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტს არ ადასტურებს.
ასე აღვიქვი, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპირებით მყოფი პირებისგან ძალადობა არ იკვეთება ამ ჩანაწერის მიხედვით. თუმცა, მე არ ვიცი, ეს იყო სრული ჩანაწერი, თუ გარკვეული ფრაგმენტი, - აცხადებს ცინცაძე.
ადვოკატი განმარტავს, რომ საქმის მასალებს სრულყოფილად გაეცნობა, რის შემდეგაც დაცვის მხარე საკუთარ პოზიციას უფრო დეტალურად ჩამოაყალიბებს. თავად დაკავებულებთან კომუნიკაცია, მისივე თქმით, ჯერჯერობით არ შემდგარა.
პროკურატურის ვერსია
გამოძიების ინფორმაციით, ინციდენტი 27 მაისს მოხდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებმა მოქალაქის დაკავების დროს ძალა გადაამეტეს, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანება და მისი უფლებების შელახვა გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად, დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილი გვიან ღამით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ამასთან, არსებული მონაცემებით, გორის ჰოსპიტალში რჩება ერთ-ერთი პოლიციელიც, რომელსაც, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიყენებული ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.