გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. ოჯახის წევრების თქმით, მას ძლიერი ტკივილები აქვს, რაც კლინიკაში მოთავსების მთავარი მიზეზი გახდა.
დაშავებულის ძმა, გიგლა ლოცულაშვილი „TV პირველთან“ საუბრისას ჰყვება, რომ პაციენტის მდგომარეობა ბინაზე ყოფნისას დამძიმდა. მისი თქმით, ლოცულაშვილი საპირფარეშოში გასვლისას შეუძლოდ გახდა და წაბარბაცდა, რის შემდეგაც ოჯახმა მისი ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო.
„სანამ სასწრაფოს გამოვიძახებდით, საპირფარეშოში წასვლის დროს წაბარბაცდა და შეუძლოდ გახდა - დავაწვინეთ საწოლში. ორი თუ სამი საათის შემდეგ ისევ შეუძლოდ გახდა. ექიმი როგორც ამბობს, მიზეზი ტკივილი იყო... ტკივილი ჰქონდა თავის, ხელის, ფეხის არეში“, - განაცხადა გიგლა ლოცულაშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც. მორიგე ექიმის განმარტებით, პაციენტს ამჟამად შესაბამისი კვლევები უტარდება. ექიმის თქმით, მანამდე ლოცულაშვილი „ვივამედის“ კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა მაშინ მან სტაციონარში დარჩენაზე უარი განაცხადა.
„პაციენტი იმყოფებოდა „ვივამედის“ კლინიკაში, სადაც მას ჩაუტარდა კვლევები, მაგრამ პაციენტმა უარი განაცხადა სტაციონარში დარჩენაზე და გაეწერა ბინაზე. ბინაზე ყოფნისას მისი მდგომარეობა შედარებით გაუარესდა“, - აღნიშნეს კლინიკაში. დაშავებულის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე ადასტურებს, რომ პაციენტს ამ დრომდე ძლიერი ტკივილები აწუხებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.