ჰონდურასი მორიგი მასშტაბური ძალადობის ეპიცენტრში აღმოჩნდა. ქვეყნის სანაპირო ზოლში განხორციელებულმა ორმა თავდასხმამ, წინასწარი მონაცემებით, 25 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ექვსი სამართალდამცველია.

თავდასხმა ფერმაზე

პირველი ინციდენტი ქვეყნის ჩრდილოეთით, ტრიუხიოს მუნიციპალიტეტში მდებარე ფერმაზე მოხდა. შეიარაღებულმა პირებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს. ოფიციალური ინფორმაციით, ადგილზე 19 ადამიანი დაიღუპა, თუმცა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია.

სამართალდამცველები განმარტავენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. ზოგიერთი ოჯახი გარდაცვლილებს ექსპერტიზის გარეშე, დამოუკიდებლად ასაფლავებს, რაც გამოძიებას პროცესს ურთულებს.

პოლიციელებზე ნადირობა

მეორე თავდასხმა კორტესის დეპარტამენტში, ომოას მუნიციპალიტეტში განხორციელდა. სამიზნეს ამჯერად პოლიციის ეკიპაჟი წარმოადგენდა. თავდასხმის შედეგად ადგილზე 6 სამართალდამცველი დაიღუპა, მათ შორის მაღალი რანგის ოფიცერი.

უსაფრთხოების სამინისტროს ცნობით, ტერიტორიაზე ეროვნული პოლიცია და შეიარაღებული ძალებია მობილიზებული. მომხდარის გამოსაძიებლად შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო ჯგუფები, რომლებიც ძალადობის ორგანიზატორების გამოვლენას შეეცდებიან.

კრიმინალური ფონი

ჰონდურასში დანაშაულის მაღალი მაჩვენებელი წლებია, სერიოზულ გამოწვევად რჩება. ქვეყანა ხშირად ხდება ტრანსნაციონალური ნარკოვაჭრობისა და ბანდების მიერ მართული ძალადობის ასპარეზი.

ექსპერტების შეფასებით, მსგავსი სისხლიანი ინციდენტები პირდაპირ უკავშირდება კრიმინალური დაჯგუფებების გავლენის სფეროების გადანაწილებას. ხელისუფლება ამ ეტაპზე დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა უსაფრთხოების ზომები ქვეყნის მასშტაბით გამკაცრებულია.