სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ 26 მაისს „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებულმა მრავალათასიანმა აქციამ გაარღვია ის პოლიტიკური ვაკუუმი, რომელიც თვეების განმავლობაში შეინიშნებოდა.

კაჭკაჭიშვილის თქმით, ნოემბრიდან მოყოლებული საპროტესტო მოძრაობა პოლიტიკური სპექტრის გარეშე ვითარდებოდა, რაც მათ შორის გაუცხოებას იწვევდა. თუმცა, ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მოახერხეს საზოგადოების ნდობის მინიმალური ზღვარის დაბრუნება.

პროტესტი, რომელიც არ განელებულა

სოციოლოგი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლება მუდმივად ცდილობს პროტესტის განელებაზე ისაუბროს, თუმცა რეალობა საპირისპიროს მეტყველებს. მისი შეფასებით, მიუხედავად რეპრესიული ზომებისა და აგებული ბარიერებისა, ათიათასობით მოქალაქე ქუჩაში გამოვიდა.

„ეს არის სიგნალი, რომ პროტესტი არსად წასულა. საპროტესტოდ განწყობილი ადამიანები კვლავ აქტიურები არიან და ხელისუფლებას მათი კურსის მიუღებლობას შეახსენებენ“, — აცხადებს კაჭკაჭიშვილი.

სემანტიკური შეუთავსებლობა

კაჭკაჭიშვილი ასევე გამოეხმაურა მედიასაშუალება „იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიზუალურ მასალას, სადაც ბიძინა ივანიშვილი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას გვერდით არის გამოსახული. სოციოლოგი ამას სემანტიკურ შეუთავსებლობად აფასებს.

„როდესაც ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ედგნენ სათავეში, ბიძინა ივანიშვილი რუსეთში აკეთებდა ბიზნესს და ლებედის კამპანიას აფინანსებდა“, — აღნიშნავს ექსპერტი.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ეს ხედვა თავად ივანიშვილის სურვილს ასახავდეს, თუმცა საზოგადოებისთვის, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ნაწილისთვისაც კი, ეს პარალელი დამაჯერებელი არ არის.