ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიპლომატიის რიგით მესამე ღალატში“ დაადანაშაულა. რეზაის თქმით, ვაშინგტონი ირანის პორტების საზღვაო ბლოკადას აგრძელებს, მოლაპარაკებების პროცესში კი „გადაჭარბებულ მოთხოვნებს“ აყენებს.

რეზაიმ საკუთარ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ თეთრი სახლის პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ დონალდ ტრამპი რეალურად არ არის ორიენტირებული შეთანხმებაზე და პროცესის მიღმა სხვა მიზნები აქვს.

დაძაბული მოლაპარაკებები ვაშინგტონში

აღნიშნული ბრალდებები მას შემდეგ გაჟღერდა, რაც დონალდ ტრამპი ვაშინგტონში საკუთარ თანაშემწეებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ირანთან ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე „საბოლოო გადაწყვეტის“ მიღწევა იყო, თუმცა კონსულტაციები კონკრეტული სამოქმედო გეგმის გარეშე დასრულდა.

ვითარება კიდევ უფრო ამწვავებს აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის განცხადება. მისი თქმით, თუ მიმდინარე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, ვაშინგტონი მზადაა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები განაახლოს.

ტრამპის მოთხოვნები თეირანის მიმართ

კონსულტაციების პარალელურად, დონალდ ტრამპმა TruthSocial-ის მეშვეობით თავისი მოთხოვნები გააჟღერა. პრეზიდენტის განცხადებით, ირანმა უნდა შეასრულოს შემდეგი პირობები:

  • სამუდამოდ თქვას უარი ბირთვულ იარაღზე.
  • გახსნას ჰორმუზის სრუტე და გააუქმოს საზღვაო გადასახადები.
  • გაასუფთავოს საზღვაო ნაღმები.
  • აქტიურად ითანამშრომლოს აშშ-სთან და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან მაღალგამდიდრებული ურანის მარაგების განადგურების საკითხში.

ამ ეტაპზე მხარეებს შორის დიალოგი გრძელდება, თუმცა ურთიერთბრალდებები და სამხედრო მუქარები მოლაპარაკებების წარმატებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.