საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს. ამჯერად მისი კრიტიკის ადრესატები ქუთაისელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არიან, რომლებმაც, სააკაშვილის თქმით, ბაგრატის ტაძრის აღდგენის პროცესში მისი როლი დააკნინეს.
სააკაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები ბაგრატის ტაძრის რესტავრაციაზე საუბრისას აღდგენის ინიციატივას მხოლოდ ადგილობრივ სასულიერო პირს, მეუფე კალისტრატეს მიაწერენ. ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ტაძრის რეაბილიტაცია თავიდან ბოლომდე მისი და ნიკა რურუას ერთობლივი ინიციატივა იყო.
„ტაძრის აღდგენა თავიდან ბოლომდე ჩემი ინიციატივა იყო და ეს განვახორციელე კიდეც ნიკა რურუასთან ერთად. ამ ორ ქუთაისელ პოლიტიკანს კი მინდა ვუთხრა, „ვირო მადლიო“ ნამდვილად თქვენზე და თქვენნაირებზეა ნათქვამი“, - წერს სააკაშვილი.
სააკაშვილის შეფასებით, პოლიტიკოსების მხრიდან მისი სახელის განზრახ არხსენება პოლიტიკური სიმცირის ნიშანია. მისი თქმით, ამგვარი ქმედება პოლიტიკური „წონის“ დაკარგვას იწვევს. მან ასევე გააკრიტიკა ხელისუფლების დამოკიდებულება ტაძრის მიმართ, აღნიშნა რა, რომ დღეს ბაგრატის ტაძარი სათანადო მოვლის გარეშეა დარჩენილი.
წერილში ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ ხედვებსაც აზიარებს ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებით. მისი აზრით, ქუთაისი უნდა ქცეულიყო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ჰაბად, ხოლო აეროპორტის გამტარუნარიანობა დუბაის მასშტაბებს უნდა მიახლოებოდა. სააკაშვილის გეგმებში ასევე შედიოდა წყალტუბოს განვითარება მარაკეშის მოდელით და სვანეთთან დამაკავშირებელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
სააკაშვილი ხაზს უსვამს განსხვავებას „პოლიტიკოსებსა“ და „პოლიტიკანებს“ შორის. მისი თქმით, პოლიტიკოსი საკუთარ მისიას ემსახურება, მაშინ როდესაც პოლიტიკანები მხოლოდ პარტიულ ცვლილებებსა და საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ. წერილის ბოლოს ის მოუწოდებს საზოგადოებას ახალი, არაკონფორმისტული ძალების გაერთიანებისკენ.





დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.