ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი უარყოფს ინფორმაციას აშშ-თან მიმდინარე მოლაპარაკებებში არსებითი პროგრესის შესახებ. არაღჩის თქმით, თეირანსა და ვაშინგტონს შორის ოფიციალური დიალოგი ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, თუმცა საკომუნიკაციო არხები კვლავ ღიაა.
აღნიშნული განცხადება კონტრასტში მოდის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიციასთან. ტრამპი მოლაპარაკებების პროცესს „ძალიან წარმატებულად“ აფასებს და არ გამორიცხავს, რომ ომის დასრულების მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები უახლოეს შაბათ-კვირას დადგეს.
თეირანის ოფიციალური პოზიციით, მხარეები მხოლოდ შეტყობინებების გაცვლის რეჟიმში იმყოფებიან. არაღჩის განმარტებით, ირანმა ამერიკულ მხარეს უკვე გადასცა გზავნილები, სადაც ხაზგასმულია ბეირუთზე შესაძლო ისრაელის თავდასხმის თავიდან აცილების აუცილებლობა.
ვითარება ბუნდოვანია ირანული მედიის მონაცემებითაც. სააგენტო Tasnim ორშაბათს იუწყებოდა, რომ მოლაპარაკებები სრულად შეჩერდა. მოგვიანებით, ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა დაადასტურა, რომ დიალოგი გრძელდება, თუმცა მან გააფრთხილა საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ პროცესი შეწყდება, თუ ისრაელი ლიბანზე თავდასხმებს არ შეწყვეტს.
ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხუთშაბათს ღამით ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რაც რეგიონში მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.