საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ლელოს“ პოზიცია მკაცრად გააკრიტიკა. პრემიერის განცხადებით, პარტიამ 2020 და 2024 წლებში საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმით პოლიტიკური დანაშაული ჩაიდინა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

კობახიძის თქმით, „ლელო“ აღნიშნული „საბოტაჟის“ თანამონაწილე იყო. მისი განმარტებით, პარტია მოქმედებდა გარედან მიღებული დირექტივების შესაბამისად, რასაც პრემიერმა „უცხოური აგენტურის“ დავალება უწოდა.

„თვითონ თქვეს უარი მანდატებზე. ახლა „ლელო“ სხვას რომ ესაუბრება, აბსოლუტურად ალოგიკურია. მათ ჩაიდინეს პოლიტიკური დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე და ამ ცოდვას ასე მარტივად ვერ მოიშორებენ“, - განაცხადა კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ პარტიის შიგნით არსებული ახალი მესიჯები მათ წარსულ ქმედებებს ვერ გაასუფთავებს. მისი თქმით, მაშინდელი ადმინისტრაციებისგან განსხვავებით, ახალ ადმინისტრაციას განსხვავებული მიდგომები აქვს, თუმცა პასუხისმგებლობა დანაშაულზე უცვლელი რჩება.

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა 2028 წლის არჩევნების პერსპექტივაზე. მან აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უცნობია, რომელი პოლიტიკური ძალები მიაღწევენ მომდევნო არჩევნებამდე.

„ეს საკონსტიტუციო სასამართლოზეც არის დამოკიდებული. შემდეგ ვნახოთ, არჩევნებამდე მიღწეული პარტიებიდან ვინ ისარგებლებს და ვინ არ ისარგებლებს მანდატებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.