საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებისას ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ევროინტეგრაციის პროცესებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველო რეგიონში არსებულ სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად უკეთეს პოზიციებზეა.
კობახიძის თქმით, 2020 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა. კერძოდ, მონაცემები 21,3%-დან 7,1%-მდე დავიდა, რაც, პრემიერის შეფასებით, ხელისუფლების ეფექტური მუშაობის შედეგია.
შედარება უკრაინასთან და მოლდოვასთან
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა უკრაინასა და მოლდოვაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე. მისი თქმით, უკრაინაში 2021 წელს სიღარიბე დაახლოებით 21%-ს შეადგენდა, თუმცა ომის ფონზე ეს მაჩვენებელი 41,6%-მდე გაიზარდა.
„90-იანი წლები არის დაბრუნებული უკრაინაში“, - განაცხადა კობახიძემ.
მოლდოვასთან დაკავშირებით პრემიერმა აღნიშნა, რომ 2019 წელს იქ სიღარიბე 25,2% იყო, ხოლო შარშანდელი მონაცემებით, ეს ციფრი 31,6%-მდე გაიზარდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვაში ომი არ მიმდინარეობს, მიუხედავად ამისა, ქვეყანა ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა.
ევროინტეგრაციის მხარდაჭერა
ირაკლი კობახიძემ მოლდოვაში ჩატარებულ რეფერენდუმზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის 54,6%-მა, ვინც კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო, ევროინტეგრაციას მხარი არ დაუჭირა.
„მოლდოვაში მცხოვრებ მოლდოველებს არ უნდათ ევროინტეგრაცია, ასეთ ქვეყანას გვადარებენ და ამბობენ, რომ მოლდოვა არის ჩვენზე წინ“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველომ, მიუხედავად სისტემური სირთულეებისა და ოპონენტების მხრიდან კრიტიკისა, შეძლო საზოგადოებაში ევროინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერის შენარჩუნება.
ციფრები და რეალობა
პრემიერმა ოპოზიცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ არ უყვართ სტატისტიკური მონაცემები, რადგან ისინი „შიშველ სიმართლეს“ აჩვენებენ. კობახიძის მტკიცებით, დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლებისა და ეკონომიკის კუთხით საქართველო რეგიონში ლიდერია.
„დანარჩენი არის დემაგოგია“, - შეაჯამა კობახიძემ დებატების დროს გაკეთებული განცხადება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.