საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის მხრიდან ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესების ინიციატივა „აბსოლუტურად გაუგებარ“ გადაწყვეტილებად შეაფასა.

მაჭავარიანის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან გაფართოების პროცესთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი და არასერიოზული განცხადებები კეთდება. „გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით ხან 15 წელზეა საუბარი, ხან 10-ზე. ზოგჯერ აცხადებენ, რომ თუ კანდიდატი ქვეყანა გაწევრიანებას ისურვებს, მას აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა უნდა აეკრძალოს“, — აღნიშნა დეპუტატმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, მსგავსი რიტორიკა კითხვის ნიშნებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, ნამდვილად აქვს თუ არა ევროკავშირს გაფართოების გაგრძელების სურვილი. მან მაგალითად უკრაინა მოიყვანა და განაცხადა, რომ 2022 წლის შემდეგ ქვეყანას დაჩქარებული გაწევრიანება შეპირდნენ, თუმცა პროცესი გაჭიანურდა.

„უკრაინა ამის საუკეთესო მაგალითია: 2022 წლის შემდეგ მას დაპირდნენ ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ გზას, იმ დონეზე, რომ დღეისთვის უკვე სამჯერ ან ოთხჯერ შეიძლებოდა გამხდარიყო წევრი. თუმცა, დღესაც კი ეუბნებიან, რომ გაწევრიანების შესახებ დისკუსიების დაწყების ვადები გაურკვეველია“, — განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ Euronews-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს ახალი წევრი ქვეყნებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის შემოღებას. აღნიშნული მექანიზმის მიხედვით, დარღვევების შემთხვევაში, ახალ წევრებს შესაძლოა ხმის მიცემის უფლება შეუჩერდეთ. გავრცელებული ცნობით, ეს წინადადება მონტენეგროს გაწევრიანების შეთანხმების საფუძვლად განიხილება.