„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ საერთაშორისო მდივანი ვახტანგ ქიზიყურაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს უანგარო დახმარების იდეა მითია, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა აღარ ენდობა. ამის შესახებ ქიზიყურაშვილმა გადაცემა „EURO ანატომიაში“ ისაუბრა.
ქიზიყურაშვილის თქმით, ევროკავშირი, როგორც ინსტიტუცია, საქველმოქმედო ორგანიზაციად არასდროს პოზიციონირებდა. შესაბამისად, მისი განცხადებით, ლეგიტიმურია კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ჰქონოდათ მათ საქართველოს უანგაროდ დახმარების მიზანი. „უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ აბსოლუტურად ყველა ქვეყანას და პოლიტიკურ აქტორს აქვს საკუთარი ინტერესები და ჩვენც უნდა გვქონდეს ჩვენი ინტერესები. ბევრ საკითხში შეიძლება დაემთხვეს ჩვენი ინტერესები და სადაც ემთხვევა, იქ უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ“, — აღნიშნა მან.
პოლიტიკოსმა ასევე ყურადღება გაამახვილა ევრობიუროკრატიის მიერ დიალოგის შეზღუდვის საკითხზე და პარალელი 2022 წლის ენერგეტიკულ კრიზისთან გაავლო. მისი თქმით, რუსულ იაფ ენერგორესურსებზე უარის თქმამ ევროპაში მაღალი ინფლაცია და კრიზისი გამოიწვია.
ქიზიყურაშვილი ამბობს, რომ სწორედ აქ იკვეთება ორმაგი სტანდარტები. მისი მტკიცებით, ევროპელი მმართველები აკრიტიკებდნენ პრეზიდენტ ტრამპს დიზელის შეთანხმების გამო, თუმცა 2022 წლიდან თავად ყიდულობდნენ თხევად გაზს რუსეთიდან. „სწორედ აქ ვხედავთ ჩვენ იმ ინტერესთა დიდ განსხვავებას, რომელიც აქვთ ევროპულ მმართველ წრეებს და ევროპელ მოსახლეობას. დღეს ძალიან რთულია ევროპელ მოსახლეობას აუხსნა, სად მიდის მათი ჯიბიდან გადახდილი თანხა“, — განაცხადა ქიზიყურაშვილმა.







დისკუსია
0 კომენტარი