„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ საერთაშორისო მდივანი ვახტანგ ქიზიყურაშვილი დაკავშირებადობის მინისტერიალზე საქართველოს უმაღლეს დონეზე არმიწვევას ეხმაურება. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ბრიუსელის იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც ბოლო ხუთი წელია აკვირდებიან და მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედების მოხდენას.
გადაცემა „EURO ანატომიაში“ საუბრისას ქიზიყურაშვილმა განაცხადა, რომ ევროპული მხარის ქმედებები ქართველი ხალხისთვის სულ უფრო ნათელი ხდება. მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის გავლით არსებული სატრანსპორტო გზები ბლოკირებულია, ხოლო ირანი და მიმდებარე რეგიონები პარალიზებული, ევროპა ცდილობს ჩინეთთან ლოგისტიკური კავშირების განვითარებას, სადაც საქართველო ერთადერთ ალტერნატიულ გზად რჩება.
ხელისუფლების გადაწყვეტილება
ქიზიყურაშვილი გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების უარს მინისტერიალში მონაწილეობაზე. მან აღნიშნა, რომ ეს იყო „ძალიან სწორი გადაწყვეტილება“, რადგან ქვეყნის ხელისუფლებამ საკუთარი ღირსება უნდა დაიცვას.
„როდესაც ჩვენ ვხედავთ იმ უპატივცემულო დამოკიდებულებას ევრობიუროკრატების მხრიდან, ვერ აღიქმება ეს დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართაა თუ ცალკეული ინდივიდების მიმართ. ნებისმიერი ხელისუფლება წარმოადგენს საკუთარ მოსახლეობას და როდესაც შენ რომელიმე ხელისუფლებას ექცევი უპატივცემულოდ და არ იწვევ აღნიშნულ სამიტზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველ ხალხს არ სცემ პატივს“, - განაცხადა ვახტანგ ქიზიყურაშვილმა.
პოლიტიკური დისკურსი
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ საერთაშორისო მდივანი მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში ევროპული მხარე ცდილობს დისკურსის შექმნას, თითქოს ქართველი ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან გამიჯნულია. მისი თქმით, ევრობიუროკრატები მხარდამჭერ უმცირესობას ხალხის იდენტურ ჯგუფად მიიჩნევენ და უგულებელყოფენ იმ ფაქტს, რომ მოქმედი ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობამ აირჩია.







დისკუსია
0 კომენტარი