მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების აღსაკვეთად აქტიური ღონისძიებები ტარდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამართალდამცავი უწყებების ჩართულობით უკვე ამოღებულია დიდი რაოდენობით ე.წ. მაინერები.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებლები კრიტიკულად მაღალია. კერძოდ, მესტიაში წლიური მოხმარება 133 მილიონ კილოვატ/საათს შეადგენს, მაშინ როცა მსგავსი სიდიდის მუნიციპალიტეტებში ეს მაჩვენებელი 10%-საც კი არ აღემატება.

„დაახლოებით, უხეშად, 20 მილიონზე მეტი ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარება ხდება მაინინგის მიზნით. საბოლოო ჯამში, ეს აწვება თითოეულ მოქალაქეს და აისახება გადასახადზე, რომელსაც ადამიანი იხდის თბილისში, ქუთაისში თუ ნებისმიერ სხვა მუნიციპალიტეტში“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობა გამრიცხველიანების პროცესს აჩქარებს. პრემიერის თქმით, ეს ნაბიჯი აუცილებელია იმისთვის, რომ ენერგომოხმარება კანონიერ ჩარჩოებში მოექცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მესტიაში მიმდინარე პროცესებში ჩართულია და უკანონო მოხმარების ფაქტების აღკვეთას განაგრძობს. ხელისუფლება აცხადებს, რომ მსგავსი ღონისძიებები ენერგოსექტორის სტაბილურობისთვის გადამწყვეტია.