პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკავშირთან ურთიერთობების დინამიკაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, 2024 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესის შეჩერებას გულისხმობდა, უსაფუძვლო იყო.

სამხარაძის განცხადებით, მთელი პროცესი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო ატეხილ ხელოვნურ აჟიოტაჟს უკავშირდება. მისი თქმით, ეს კანონი, რომელსაც ოპოზიციურმა სპექტრმა და მისმა მხარდამჭერებმა „რუსული კანონი“ უწოდეს, დღეს უკვე დღის წესრიგიდან გამქრალია.

„თითიდან გამოწოვილი აჟიოტაჟი“

„მინდა შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან შეაჩერა ყველანაირი მოლაპარაკება, მათ შორის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის პროცესი. ეს მოხდა 2024 წლის ივნისში. ამის მიზეზი იყო გამჭვირვალობის ის უწყინარი კანონი, რომელიც დღეს ყველას მიავიწყდა და რომელზეც დღეს აღარავინ საუბრობს“, - განაცხადა სამხარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

კომიტეტის თავმჯდომარემ გაიხსენა კანონის მიღების პერიოდი და აღნიშნა, რომ საზოგადოების ნაწილი მიზანმიმართულად ახდენდა ზეწოლას იმ ადამიანებზე, ვინც კანონპროექტს მხარს უჭერდა. მისი აზრით, ეს პროცესები არა შინაარსობრივ დისკუსიას, არამედ ძალადობრივ აქციებს და პოლიტიკურ ზეწოლას ეფუძნებოდა.

სტრასბურგის სასამართლოს პოზიცია

სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა იუსტიციის საბჭოს მოადგილის მიერ საკომიტეტო მოსმენაზე გაჟღერებულ ინფორმაციაზე. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ კანონთან დაკავშირებით არცერთი შემზღუდავი ზომა არ გაატარა.

„სტრასბურგის სასამართლომ ამ კანონთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მყისიერ საფრთხეს ვერ ხედავს და არ შეუჩერებია მისი მოქმედება. განაცხადა, რომ განიხილავს მას დადგენილ ვადებში. გასაგებია, რომ ეს აჟიოტაჟი იყო სწორედ თითიდან გამოწოვილი და ეს იყო მიზეზი შეჩერების, თუმცა რეალურად არაფერი ხდება“, - აღნიშნა დეპუტატმა.

სამხარაძის პოზიციით, ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეფერხება არ იყო განპირობებული სამართლებრივი არგუმენტებით, არამედ პოლიტიკური კონიუნქტურით, რომელიც კანონის გარშემო ხელოვნურად შეიქმნა.