ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის სამინისტრო მიმდინარე წელს ტურისტული ნაკადის ზრდას პროგნოზირებს. უწყების ხელმძღვანელის, ასტამურ ლოგუას განცხადებით, მიზანი წელს 2-მილიონიანი ნიშნულის გადალახვაა.
ზაფხულის სეზონი რეგიონში წელს შედარებით სუსტად დაიწყო. ლოგუას თქმით, ამის მიზეზი გრილი ამინდი და 14 წლამდე ასაკის ბავშვების საზღვარზე გადაკვეთასთან დაკავშირებული გაურკვევლობა გახდა.
თავდაპირველად დაწესებულმა მოთხოვნამ, რომლის მიხედვითაც ბავშვებს აფხაზეთში შესასვლელად საზღვარგარეთის პასპორტი სჭირდებოდათ, ადრეული დაჯავშნების მაჩვენებელი 20-30%-ით შეამცირა. თუმცა, აპრილის დასაწყისში მიღებული გადაწყვეტილებით, რუს ბავშვებს აფხაზეთში შესვლა კვლავ დაბადების მოწმობით შეუძლიათ.
"აფხაზეთისთვის ეს გამონაკლისი დაშვდა და ვითარება გამოსწორდა. გასულ კვირას დაჯავშნების ჩამორჩენა უკვე 6%-მდე შემცირდა, ახლა კი ვფიქრობ, გასული წლის მაჩვენებლებს დავუბრუნდით", – აცხადებს ასტამურ ლოგუა.
საერთაშორისო ტურისტულ ფორუმზე „მოგზაურობა“ დე ფაქტო მინისტრმა აღნიშნა, რომ გასულ წელს აფხაზეთში ჯამში 1 მილიონ 880 ათასი ტურისტი იმყოფებოდა. ამჟამად რეგიონში შემომავალი ტურისტული ნაკადის 90%-ზე მეტი რუსეთის მოქალაქეებზე მოდის.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის მაისიდან სოხუმის აეროპორტი ფუნქციონირებს, რაც რუსი ტურისტებისთვის რეგიონში მოხვედრას აადვილებს. მიუხედავად ამისა, დე ფაქტო ადმინისტრაცია არსებული ინფრასტრუქტურით სეზონის პიკური დატვირთვისთვის ემზადება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.