საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიც ქვეყანამ წარმატებით შეასრულა, დღეს ახალი, პოლიტიკური შინაარსის პირობებით იცვლება. მისი თქმით, ეს პროცესი არ უკავშირდება ვიზალიბერალიზაციის რეალურ კრიტერიუმებს.
„ვიზალიბერალიზაციას ჰქონდა და აქვს კონკრეტული პირობები, რომლებსაც საქართველო ყოველთვის ასრულებდა და კვლავ აგრძელებს. სამწუხაროდ, ბოლო დროს ვხედავთ, რომ გამოიგონეს პოლიტიკური პირობები. მაგალითად, გვეუბნებიან, თუ რომელი კანონი უნდა მივიღოთ და რომელი არა, რაც არანაირ კავშირში არ არის ვიზალიბერალიზაციის სტანდარტებთან“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
რა მოთხოვნები წაუყენეს საქართველოს?
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ერთ-ერთი ასეთი ახალი მოთხოვნა საქართველოში ევროკავშირის დაფინანსების გაუმჭვირვალობის შენარჩუნებაა. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ბრიუსელი საქართველოსგან ითხოვს, არ მოითხოვოს ევროპული სახსრების გამჭვირვალობა, რაც, მისი შეფასებით, ქვეყნის სუვერენიტეტის პირდაპირი შეზღუდვაა.
„ჩვენ გვეუბნებიან, რომ სუვერენიტეტი უნდა შევზღუდოთ ვიზალიბერალიზაციის სანაცვლოდ და დავუშვათ რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების ფარული დაფინანსება. სუვერენიტეტი მარწყვში არ იცვლება. როცა გეუბნებიან, რომ არ უნდა მოითხოვო ბრიუსელისგან დაფინანსების გასაჯაროება, ეს არის სუვერენიტეტის დათმობა“, — განაცხადა მან.
ბრიუსელთან დიალოგის ფორმატი
კითხვაზე, თუ ვინ წარმოადგენს საქართველოს მხარეს ევროკომისიასთან მიმდინარე დიალოგში, პაპუაშვილმა განმარტა, რომ საუბარია ტექნიკურ შეხვედრაზე და არა პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე. მისივე განცხადებით, დელეგაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაკომპლექტებული და მოიცავს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამ პროცესში პარტიული ნიშნით არ მონაწილეობს. ეს განცხადება მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების შესახებ, რასაც თბილისში პოლიტიკური წნეხის მცდელობად აფასებენ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.