საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ოპოზიციური პარტიების ქმედებები მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ე.წ. რადიკალური ოპოზიცია საკუთარი ამომრჩევლის ნდობის მოპოვების ნაცვლად, უცხოელი აქტორების ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზეა ორიენტირებული.

არასისტემური ძალები

პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციის ნაწილი კონსტიტუციურ პრინციპებს გასცდა და არასისტემურ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა. პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ სწორედ ამ მიზეზით მიმართა მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოს.

„ჩვენ გვაქვს საქმე ანტიკონსტიტუციურ პარტიებთან. როდესაც პოლიტიკური ჯგუფები კონსტიტუციურ პრინციპებს არღვევენ და არასისტემურ ძალებად გარდაიქმნებიან, შედეგიც შესაბამისია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა მანამ გაგრძელდება, ვიდრე კონსტიტუციის მოწინააღმდეგე პარტიების არსებობა იქნება დაშვებული. პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ქმედებებით ყველაზე მეტად თავად საქართველო ზიანდება.

უცხოური დაფინანსება და „გაყიდული ქვეყანა“

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საელჩოებსა და უცხოელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისას ღიად ითხოვენ დაფინანსებას. მისი თქმით, ეს პროცესი საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი არ რჩება.

„ეს არის ბრძოლა უცხოური დაფინანსებისთვის. ისინი ქვეყანას ლანგარზე მორთმევას სთავაზობენ. ჩვენ ვიცით, რა პირობებს დებენ ისინი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში და ეს პირდაპირი მნიშვნელობით ქვეყნის გაყიდვას ნიშნავს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სავიზო ლიბერალიზაცია ყოველთვის კონკრეტულ კრიტერიუმებზე იყო დაფუძნებული, რომლებსაც საქართველო კვლავ აკმაყოფილებს. თუმცა, მისივე თქმით, ბოლო პერიოდში პროცესს ახალი პოლიტიკური მოთხოვნები დაემატა, მათ შორის - ქვეყნის მიერ გაუმჭვირვალე ევროპული დაფინანსების დაშვებაზე.