სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 7 ივნისს გამართული საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა. პარლამენტში სამი პოლიტიკური ძალა შევიდა: მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“, სამველ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთის“ ალიანსი და ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის „სომხეთის“ ალიანსი.
ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ ხმების 3,9893% მიიღო, რითაც 4%-იანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. საარჩევნო კომისიამ სამ უბანზე შედეგები გააბათილა, თუმცა განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება საჭიროდ არ მიიჩნია. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამ დარღვევებს საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.
ოპოზიციური ჯგუფები, მათ შორის „აყვავებული სომხეთი“, შედეგებს არ ეთანხმებიან. მათ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩევნების პროცესი სისტემური დარღვევებით წარიმართა, რამაც ამომრჩევლის ნებაზე გავლენა მოახდინა. ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქციაც გაიმართა. ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების შედეგების გაბათილებას და განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნას მოითხოვდნენ. მმართველი პარტიის წარმომადგენელი არუსიაკ ჯულჰაკიანი კი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეთა საარჩევნო უფლებები სრულად დაიცვა და დარღვევები მხოლოდ ოპოზიციურ ძალებთან დაკავშირებულ ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებს უკავშირდებოდა.
„სამოქალაქო შეთანხმებამ“ ხმების 49,7456% მიიღო, რაც მას 105-ადგილიან პარლამენტში 64 მანდატს აძლევს. ეს შედეგი მმართველ ძალას საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად მიიღოს საკონსტიტუციო კანონები, დანიშნოს მოსამართლეები და ომბუდსმენი.
პოლიტიკური ანალიტიკოსი ტიგრან გრიგორიანი მიიჩნევს, რომ კომისიის გადაწყვეტილება განმეორებითი კენჭისყრის არდანიშვნის შესახებ საშიშ პრეცედენტს ქმნის. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ საკუთარ თავს სამი დამატებითი მანდატი მიაკუთვნა, რაც ლეგიტიმურობის კითხვებს ბადებს.
თავად პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, ოპოზიციურ ძალებს ხალხის მხარდაჭერა არ გააჩნიათ და მათი მხრიდან პროცესების დესტაბილიზაცია უშედეგო იქნება.
კომისიის განმარტებით, განმეორებითი კენჭისყრის არჩატარება მიზნად ისახავს ამომრჩევლის ნების დაცვას, რადგან განმეორებითი პროცესი შესაძლოა ტაქტიკური ხმის მიცემით დამახინჯდეს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.