სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განახლებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო კონტრაქტმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 49.825% მიიღო.
შედეგად, მმართველი ძალა პარლამენტში სტაბილურ უმრავლესობას შეინარჩუნებს. თუმცა, „სამოქალაქო კონტრაქტს“ არ ეყოფა ხმები საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის აუცილებელი ორ-მესამედიანი სუპერუმრავლესობის მოსაპოვებლად.
ვინ რჩება პარლამენტს მიღმა?
არჩევნების ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა პროკრემლისტური პარტია „აყვავებული სომხეთის“ შედეგია. პარტიამ 4%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო და ხმების 3.996% დააგროვა.
მეორე ადგილზე ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პრორუსული ალიანსი „ძლიერი სომხეთი“ გავიდა 23.281%-ით. მესამე პოზიციას კი საარჩევნო ბლოკი „სომხეთის ალიანსი“ იკავებს 9.934%-ით.
ფაშინიანის გეგმები და საგარეო კურსი
გამარჯვების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა კოალიციების გარეშე, დამოუკიდებლად ჩამოყალიბდება. მისი თქმით, მომდევნო 5 წლის მთავარი მიზანი სომხეთში „კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის“ სრული დემონტაჟია.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ფაშინიანმა დაადასტურა, რომ სომხეთი დასავლეთთან დაახლოების კურსს გააგრძელებს. ამავდროულად, ქვეყანა არ აპირებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დატოვებას და რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნებას გეგმავს.
აქტივობის ზრდა
წლევანდელმა არჩევნებმა ამომრჩეველთა მაღალი ინტერესი აჩვენა. კენჭისყრაში მონაწილეობა მოქალაქეების 59%-მა მიიღო. ეს მაჩვენებელი თითქმის 10 პროცენტული პუნქტით აღემატება 2021 წლის შედეგს, როდესაც აქტივობა 49.4% იყო.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.