ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიების მიტაცების ახალი, აქტიური ფაზა დაიწყო. ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, სოფიო ხორგუანმა განაცხადა.

პოლიტიკოსის თქმით, პროცესის დადასტურებაა მოსკოვსა და საოკუპაციო რეჟიმს შორის მაისში გაფორმებული ე.წ. „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების ხელშეკრულება“. დოკუმენტის პრაქტიკული აღსრულება უკვე დაწყებულია.

ხორგუანმა ხაზი გაუსვა, რომ ხელშეკრულება მიზნად ისახავს ოკუპირებული რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სამხედრო სფეროების სრულ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციასთან. ეს ნაბიჯი პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ეს არის პირდაპირი ქმედება ჩვენი ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ“, - განაცხადა ხორგუანმა.

ანექსიური პოლიტიკის ნაწილად განიხილება საკადრო ცვლილებებიც. რუსეთმა ცხინვალში უკვე გაგზავნა საკადრო ჩინოსანი მარატ კამბოლოვი. ის ჯერ დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, იგეგმება მისი დანიშვნა საოკუპაციო რეჟიმის „პრემიერ-მინისტრის“ პოსტზე.

სოფიო ხორგუანმა გააკრიტიკა მოქმედი ხელისუფლება და აღნიშნა, რომ „ოცნებას“ არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები დეოკუპაციისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. მისი თქმით, ხელისუფლების რიტორიკა სუვერენიტეტის სიმტკიცეზე მხოლოდ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაუარესებით გამოიხატება.

ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს მიმართავს, სასწრაფოდ მოიწვიონ სხდომა. ხორგუანის განცხადებით, დღის წესრიგის მთავარი საკითხი ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე ანექსიური პროცესები უნდა იყოს.

კომიტეტმა უნდა განიხილოს სამართლებრივი, დიპლომატიური და პოლიტიკური შესაძლებლობები, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართვა. სხდომაზე სათანადო უწყებების წარმომადგენლების მიწვევა აუცილებელია.