რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული მასირებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, კიევ-პეჩერის ლავრა დაზიანდა. ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რასაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადასტურებენ.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ცეცხლი ლავრის კომპლექსის ერთ-ერთ მთავარ ნაგებობას, მიძინების ტაძარს გაუჩნდა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემართნენ.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განმარტა, რომ წინასწარი მონაცემებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ობიექტზე რუსული ჭურვის პირდაპირი მოხვედრა გახდა. „დადასტურებულია ხანძარი ლავრის ტერიტორიაზე არსებულ ნაგებობებში. ამ დროისთვის ვადგენთ ზიანის მასშტაბებს,“ — განაცხადა ტკაჩენკომ.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება და უსაფრთხოების პროტოკოლების შესაბამისი სამუშაოები. ტერიტორიაზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ხანძრის გავრცელების შეჩერებას.
კიევ-პეჩერის ლავრა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული და რელიგიური ცენტრია. მისი დაზიანება რუსული აგრესიის ფონზე განსაკუთრებულ რეზონანსს იწვევს, რადგან საუბარია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.