რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა სომხეთში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის შემცირებას აქტიურად ცდილობს. მოსკოვის მტკიცებით, ბრიუსელი სომხეთის ევროინტეგრაციის პროცესს პოლიტიკურ იარაღად იყენებს.
რუსული მხარის შეფასებით, ე.წ. „ევროანტიქრისტეები“ სომხეთის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას სწორედ სულიერი და რელიგიური კავშირების გაწყვეტით გეგმავენ. დაზვერვის ცნობით, ეს სომხეთის ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებული ერთ-ერთი პირობაა.
საგარეო დაზვერვის სამსახური მიუთითებს, რომ სომხეთში მოქმედი ევროკავშირის პარტნიორული მისია პირდაპირ მონაწილეობს პროცესებში, რომლებიც რუსული ეკლესიის საქმიანობის შეზღუდვას ისახავს მიზნად. მათი თქმით, ზეწოლა ხორციელდება ქონებრივი სარგებლობის უფლებებსა და ადგილობრივ რელიგიურ სტრუქტურებთან დიალოგის ფორმატებზე.
უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ეს პროცესი სომხეთის სამოციქულო ეკლესიასთან ურთიერთობებსაც აზიანებს. რუსეთის დაზვერვის მტკიცებით, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძოდ „ინფორმირებული მოქალაქეების კავშირი“ და „ვანაძორის ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის ოფისი“, უკვე ჩართულნი არიან კამპანიაში, რომელიც 102-ე რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარე ტაძრის მღვდლის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
მოსკოვის მტკიცებით, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციები სასულიერო პირს სომხეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებენ, რაც, მათი შეფასებით, რუსეთის მიმართ უარყოფითი განწყობების გაღვივების მცდელობაა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.