გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო გაერთიანებამ (OCCRP) მოიპოვა რუსული დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს კრემლის პირდაპირ მონაწილეობას 2025 წელს პარიზში განხორციელებულ გახმაურებულ პროვოკაციაში, ცნობილს როგორც „ოპერაცია ღორის თავი“.
დოკუმენტები, რომლებიც კრემლის კონტრაქტორი საკომუნიკაციო კომპანიიდან — „სოციალური დიზაინის სააგენტოდან“ გაჟონა, ნათელს ხდის, თუ როგორ ცდილობდა მოსკოვი საფრანგეთში რელიგიური დაძაბულობის ესკალაციას. ოპერაციის შემსრულებლები დავალებებს მოსკოვიდან, ტელეგრამის საშუალებით იღებდნენ, ხოლო მათი მუშაობის ეფექტიანობას მედიაში გავრცელებული გამოხმაურებების მასშტაბით ზომავდნენ.
გამოძიების მიხედვით, იგივე ჯგუფი, რომელიც პარიზის მეჩეთებთან ღორის თავებს ტოვებდა, პასუხისმგებელია სხვა ვანდალურ აქტებზეც. კერძოდ, მათ მიერ იქნა დაზიანებული სინაგოგები და ჰოლოკოსტის მუზეუმი, სადაც მწვანე საღებავი გამოიყენეს.
ვინ დგას სააგენტოს უკან?
„სოციალური დიზაინის სააგენტოს“ ხელმძღვანელობს ილია ღამბაშიძე, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და ამჟამად საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება. მისი საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ რუსეთითა და ევროპით; ღამბაშიძის სახელი ფიგურირებს ლათინურ ამერიკაში კრემლის დაკვეთით განხორციელებულ ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიებშიც.
თავად სააგენტო წლებია, რაც რუსეთის სახელმწიფო უწყებების, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სპეცსამსახურების კონტრაქტორია. კომპანია სანქცირებულია შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ.
დეზინფორმაცია და პოლიტიკური გავლენა
ჟურნალისტურმა გამოძიებებმა აჩვენა, რომ „სოციალური დიზაინის სააგენტო“ მხოლოდ ვანდალიზმით არ შემოიფარგლება. ეს ორგანიზაცია იყო მთავარი ინსტრუმენტი იმ კამპანიისა, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინისთვის დასავლური მხარდაჭერის შესუსტებას. გარდა ამისა, სააგენტო აქტიურად მუშაობდა ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიების პოზიციების გასაძლიერებლად.
გაჟონილი მასალები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კრემლი ჰიბრიდული ომის მეთოდებს იყენებს არა მხოლოდ კიბერსივრცეში, არამედ პირდაპირი პროვოკაციების გზით, რათა ევროპულ საზოგადოებებში ქაოსი და დაპირისპირება დათესოს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.