საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა განცხადება, რომელიც მის საქართველოში დაბრუნებასა და თანმხლებ პოლიტიკურ გარემოებებს ეხება. სააკაშვილის მტკიცებით, მის უშუალო გარემოცვაში იმყოფებოდა ადამიანი, რომელიც რუსეთის დავალებით მოქმედებდა და მის პირად მონაცემებს ძალოვან უწყებებს გადასცემდა.

ღალატი და დაგეგმილი პროვოკაცია

სააკაშვილის თქმით, ეს პირი მას მუდმივად მოუწოდებდა საქართველოში ჩამოსვლისკენ. ყოფილი პრეზიდენტი იხსენებს, რომ 2020 წელს, როდესაც ის ქვეყანაში დაბრუნებას გეგმავდა, სწორედ ამ პირმა მიაწოდა ინფორმაცია ივანიშვილის ხელისუფლებას, რის გამოც სააკაშვილმა გეგმის შეცვლა და უკან დაბრუნება გადაწყვიტა.

„ჩამოსვლა მარტივი არ იყო, რადგან რუსეთის აგენტურა იყო ჩემს გარემოცვაში ჩასმული. იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად მეუბნებოდა - ჩამოდი, ჩამოდიო. ამის თქმა მე არ მჭირდებოდა, მაგრამ მერე გარკვეული ნდობა გაიჩინა ჩემს გარემოცვაში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მეორე მცდელობა და მიტოვება

მესამე პრეზიდენტის განმარტებით, როდესაც ის მეორედ ჩამოვიდა, შეთანხმებული იყო, რომ ეს ადამიანი მას დახვდებოდა. თუმცა, რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა. სააკაშვილის თქმით, მას არავინ დახვედრია, ხოლო ჩამოსვლიდან ზუსტად ორ საათში მისმა კოორდინატებმა და მონაცემებმა ძალოვან სტრუქტურებში გადაინაცვლა.

„ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში.

სააკაშვილის თქმით, უკრაინაში დალხინებული ცხოვრების მიუხედავად, მან საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა, რადგან ქვეყნის დაკნინებას ვერ შეეგუა. ის ხაზს უსვამს, რომ პროცესები, რომლებიც მის გარშემო განვითარდა, წინასწარ იყო დაგეგმილი და მართული.