კინოსახლში ახალი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის, „საქართველო, ზვიადის“ პრემიერა გაიმართა. ნამუშევარი ეძღვნება საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ და გარდამტეხ პერიოდს — დამოუკიდებლობის აღდგენამდე განვლილ გზას.

ფილმი მაყურებელს სთავაზობს ხედვას იმ წინააღმდეგობებით სავსე პროცესებზე, რამაც ქვეყანა საბჭოთა რეჟიმიდან სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე მიიყვანა.

პროექტის ავტორი, რეჟისორი და სცენარისტი მზისო ნავროზაშვილია. მისი მიზანია, დოკუმენტური კადრებისა და მხატვრული ელემენტების შერწყმით, კიდევ ერთხელ გააცოცხლოს ის ემოციური და პოლიტიკური ფონი, რომელიც თან ახლდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას.

ფილმის ავტორები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ახალგაზრდა თაობაზე. შემოქმედებითი ჯგუფის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ წვდომა ობიექტურ ინფორმაციასა და ვიზუალურ მასალაზე, რათა უკეთ გაიაზრონ ის ფასი, რაც თავისუფლების მოპოვებას დაუჯდა ქვეყანას.

ჩვენებაზე დამსწრე საზოგადოებამ ფილმი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ქრონიკების გააზრების მცდელობად შეაფასა. ნამუშევარი წარმოადგენს ერთგვარ მოგზაურობას წარსულში, რომელიც მაყურებელს იმ პერიოდის გამოწვევებსა და პოლიტიკურ რეალობას შეახსენებს.

„საქართველო, ზვიადი“ კინოსახლის რეპერტუარში არსებულ იმ ნამუშევრებს უერთდება, რომლებიც საქართველოს უახლესი ისტორიის დოკუმენტირებას ემსახურება. ფილმი კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად რთული იყო გზა, რომელმაც 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე მიიყვანა.