საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამჟამად ის არის ერთადერთი არჩეული თანამდებობის პირი, რაც მას, მისივე შეფასებით, „იდეალურ“ კანდიდატად აქცევს გარდამავალი პერიოდისთვის.
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური პროცესების ფარგლებში მისი მთავარი ამბიცია „ქართული ქარტიის“ შესრულებაა. პრეზიდენტის თქმით, ეს დოკუმენტი ერთწლიან გეგმას ითვალისწინებს, რომლის განმავლობაშიც ქვეყანაში „ნამდვილი არჩევნების“ ჩასატარებლად აუცილებელი ყველა ზომა უნდა იქნას მიღებული.
„მე არა მხოლოდ მზად ვარ, სხვა არავინ არ არის. ვთქვათ, ხვალ გაქრა, ივანიშვილი წავიდა ჩინეთში თავის შვილთან ერთად. სხვა არჩეული, ლეგიტიმურზე არ დავიწყოთ, ლეგიტიმური, არალეგიტიმური, რამდენად ლეგიტიმური თუ მეხუთე პრეზიდენტი, სხვა არჩეული არავინ არ არის დღეს“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა თავისი პოზიცია ასაკობრივი ფაქტორითაც ახსნა და აღნიშნა, რომ მას არ აქვს დიდი პოლიტიკური ამბიციები, რადგან მალე 75 წლის გახდება. მისი თქმით, ეს გარემოება მას „იდეალურს“ ხდის იმ ამოცანების შესასრულებლად, რაც ქარტიით არის გათვალისწინებული.







დისკუსია
0 კომენტარი