საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განაცხადა, რომ დემოკრატიულ საქართველოში არ არსებობს ადგილი იმ პოლიტიკური გაერთიანებებისთვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს პატივს არ სცემენ.

შაბათს გაკეთებულ განცხადებაში გორდულაძემ ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპების ერთგულებაა. მისი თქმით, ქვეყნის მთავარი კანონის ქვაკუთხედი სწორედ ისაა, რომ გადაწყვეტილებების მიმღები უმაღლესი სუბიექტი ქართველი ხალხია.

„ჩვენი ვალდებულებაა, დავრჩეთ საქართველოს კონსტიტუციის და მისი მთავარი პოსტულატის, მისი ფუნდამენტური პრინციპის ერთგულნი, რომ გადაწყვეტილებებს იღებს ქართველი ხალხი. დემოკრატიულ სახელმწიფოში, საქართველოში არ არის ადგილი იმ პარტიებისთვის, რომლებიც არ სცემენ პატივს ქართველ ხალხს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნული პრინციპი სახელმწიფოებრიობის განმსაზღვრელია და მისი უგულებელყოფა წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან.