საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს იმ განცხადებას უარყოფს, რომლის მიხედვითაც, მოსკოვში ვიზიტისას ქართულმა მხარემ უკრაინის ეკლესიის არაღიარების პირობა დადო.

რუსეთის საპატრიარქო ამტკიცებს, რომ ქორეპისკოპოსმა თეოდორემ პატრიარქ კირილესთან შეხვედრისას პირობა მისცა, რომ საქართველოს ეკლესია არ აღიარებს არავის, ვისაც რუსეთის ეკლესიისგან ხელდასხმა არ მიუღია. აღნიშნული საკითხი პირდაპირ უკავშირდება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის თემას, რომლის აღიარებასაც მოსკოვი ეწინააღმდეგება.

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მეუფე თეოდორესთან საუბრის შემდეგ დადასტურდა, რომ მსგავსი შინაარსის გარანტიები რუსეთის პატრიარქისთვის არ გაცემულა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა მართლმადიდებლური ეკლესიის ერთობასა და კანონიკური წესების დაცვას, თუმცა უკრაინის საკითხი საუბრის თემა არ ყოფილა.

მე ვესაუბრე მეუფე თეოდორეს. მან თქვა, რომ ზოგადად საუბარი შეეხებოდა მართლმადიდებლური ეკლესიის ერთობას... ჩვენ რომ ვნახოთ ეს განცხადება, იქ უკრაინა ნახსენები არ არის. ვერასდროს სინოდის სახელით, თუ სინოდს არ უმსჯელია, ვერავინ იტყვის ქართული ეკლესიის დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხზე, რაც საგარეო საკითხს ეხება. საგარეო ურთიერთობებში არაფერი შეცვლილა, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში 21 ნოემბერს იმყოფებოდა. ვიზიტი რუსეთის პატრიარქ კირილეს 80 წლის იუბილეს აღნიშვნას უკავშირდებოდა. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ჩრდილოელ მეზობელთან განხორციელებულმა ვიზიტმა საზოგადოებაში კითხვები გააჩინა, თუმცა მანვე ხაზი გაუსვა, რომ ქართულ ეკლესიას ყველა ადგილობრივ ეკლესიასთან აქვს ურთიერთობა, რაც ჩვეულებრივი საეკლესიო პრაქტიკაა.