რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირად საუბრებში დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების ისეთი გარანტიების მიცემას, რომლებიც NATO-ს წესდების მე-5 მუხლის ანალოგიურია. ინფორმაციას The Washington Post-ის კოლუმნისტი დევიდ იგნატიუსი მოლაპარაკებებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მე-5 მუხლი გულისხმობს, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა მთელ ორგანიზაციაზე. თუმცა, პუტინმა დააყენა მთავარი პირობა: უკრაინის ტერიტორიაზე NATO-ს სამხედრო ძალები არ უნდა განლაგდნენ. პარალელურად, რუსული მხარე სანქციების სრულ მოხსნას ითხოვს.
მოლაპარაკებების ფარგლებში განსახილველი გეგმა ითვალისწინებს რუსული ჯარების გაყვანას საზღვრებიდან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ დაიწყებს ძალების კონცენტრაციას ახალი შეჭრისთვის, დაწესებული სანქციები ავტომატურად აღდგება. ხოლო თუ რუსული არმია ფართომასშტაბიან შეტევას განახორციელებს, გეგმის მიხედვით, NATO-ს ჯარები უკრაინაში შევლენ.
დევიდ იგნატიუსის ცნობით, ამერიკელი მომლაპარაკებლები განიხილავენ ვარიანტს, რომლის მიხედვითაც რუსეთს შესაძლოა შესთავაზონ დონბასის იმ ტერიტორიების შენარჩუნება, რომლებსაც ამჟამად რუსული ძალები აკონტროლებენ, სანაცვლოდ კი უკრაინა NATO-ში გაწევრიანდება. უცნობია, თანახმაა თუ არა ამ პირობაზე რომელიმე მხარე.
გარდა ამისა, დისკუსიები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხსაც შეეხო. ევროპელი ჩინოვნიკების თქმით, მზადდება სპეციალური პროცედურა უკრაინის განაცხადის განსახილველად, თუმცა პროცესი, სავარაუდოდ, ათწლეულს გასტანს.
გასულ კვირას დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ აშშ-მა რუსეთის დარწმუნება შეძლო, მიეღო უკრაინისთვის NATO-ს მე-5 მუხლზე დაფუძნებული გარანტიები. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეჭვი გამოთქვა, რომ კიევსა და ვაშინგტონს მე-5 მუხლის შინაარსი ერთნაირად ესმით. ზელენსკის თქმით, მისთვის ეს მუხლი ნიშნავს პარტნიორი ძალების ყოფნას ტერიტორიაზე.






დისკუსია
0 კომენტარი