საქართველო ბიატლონის საერთაშორისო დღეს ოფიციალურად უერთდება. ქვეყანა გახდა იმ 30-ზე მეტ სახელმწიფოს შორის, რომლებიც ამ დღეს მასშტაბური სპორტული ღონისძიებებით აღნიშნავენ.
საქართველოს ბიატლონის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, დღეს სხვადასხვა სახის აქტივობა იმართება. პროგრამა მოიცავს „მხიარულ სტარტებს“, სიმულაციურ ვარჯიშებს და ბიატლონის საბაზისო აღჭურვილობის გაცნობას. ღონისძიებებში მონაწილეობას იღებენ როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე ახალგაზრდა სპორტსმენები და ამ სპორტის მოყვარულები.
განვითარების ახალი ეტაპი ბაკურიანში
ბიატლონის განვითარებისთვის საქართველოში ბაკურიანის ინფრასტრუქტურამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. 2025 წელს დასრულდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 3.5-კილომეტრიანი ბიატლონის ტრასის მშენებლობა.
აღნიშნულმა ინფრასტრუქტურამ საშუალება მისცა საქართველოს, ემასპინძლა „Bakuriani 2025“-ის ევროპის ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიური ფესტივალისთვის. ეს პროექტი სპორტის ამ სახეობისთვის ქვეყანაში ახალი ეტაპის დასაწყისად იქცა.
რა არის ბიატლონი?
ბიატლონი ზამთრის ოლიმპიური სახეობაა, რომელიც ორ დისციპლინას აერთიანებს: სათხილამურო სირბილს და მიზანში სროლას. სპორტსმენისგან მაღალ ფიზიკურ გამძლეობასთან ერთად, უმაღლეს კონცენტრაციას და სიზუსტეს მოითხოვს.
დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში, სპეციალურად მოეწყო ფოტოგადაღების სივრცეებიც, რაც დამწყებ სპორტსმენებში ბიატლონის მიმართ ინტერესის გაზრდას ისახავს მიზნად.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.