საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია. თავდაცვის უწყებაში გამართული ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, მხარეებმა ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სომხურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.
უსაფრთხოების გამოწვევები რეგიონში
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და მიმდინარე გამოწვევები იყო. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას.
მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, საკუთარი წვლილი შეიტანონ რეგიონული მშვიდობის უზრუნველყოფასა და განმტკიცებაში. დიალოგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2026 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებულ მიმართულებებს, რომელიც წინა წლებთან შედარებით უფრო ყოვლისმომცველია.
პატივი გმირთა ხსოვნას
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ვიზიტის ფარგლებში, სურენ პაპიკიანი წეროვანში მდებარე მარო მაყაშვილის სახელობის რეაბილიტაციის ცენტრსაც ეწვევა, სადაც სამხედრო მოსამსახურეების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესს გაეცნობა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.